პოლიცელების ცემაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი ბათუმში დააკავეს

29 მარტი 2019, 00:00 9470 ნახვა

ბათუმში, 21 წლის ბიჭი საადვოკტო ბიუროში სამართალდამცველებმა დააკავეს, რომელიც, ორი დღის წინ, 27 მარტს, ქობულეთში ჩხუბის დროს ორი პოლიციელის ცემაშია ბრალდებული.  

პოლიციის ინფორმაციით, ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის მოხდა, სადაც სამართალდამცავები დაშავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა პირმა მიაყენა. 

საქმეზე ერთი ბრალდებული ადგილზევე დააკავეს, ხოლო მეორეს ამ დრომდე ეძებდნენ.  დღეს აყვანილი 21 წლის ბიჭის ადვოკატის მტკიცებით, ისინი პოლიციაზე ჩაბარებას ისეც აპირებდნენ. 

ბრალდებულის დედა  ყვება, რომ ინციდენტში მისი შვილი არ მონაწილეობდა. იგი მხარეებს აშველებდა, პოლიციელებმა კი, მისი მტკიცებით,  ახალგაზრდა ბიჭები დუბინკებით სცემეს და ამათმა თავი დაიცვეს. 

 "უნდათ ისე წაუყენონ ბრალი, რომ ბავშვმა არ დაიცვას თავი, მტკიცებულებები კი არ აქვთ. იქ ჩემი ბავშვის გარდა კიდე 90 ადამიანი იყო. ყველა ნაცემია. ჩხუბი, რომ ატყდა  ბარიდან ყველა გამოვარდა, პოლიციელები  მოვარდნენ და დუბინკები ურტყეს ბავშვებს, თავს დაიცავდა აბა რას იზამდა," - ამბობს ნინო ანთაძე, რომელიც ამტკიცებს რომ მისი შვილი არ იმალებოდა და  ორი დღეა ადვოკატის მეთვალყურეობის ქვეშაა.

"პოლიციამ სახლში მოგვაკითხა, თუმცა ქობულეთელ სამართალდამცველებს გავატანდი ბავშვს? ვინც წაიყვანეს, ყველა ცემეს" - ამბობს ნინო ანთაძე.  

 მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირია დაკავებული. მეორეზე კი სამძებრო ღონისძიებები  მიმდინარეობს.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში