სააპელაციო სასამართლოში გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო

29 მარტი 2019, 00:00 2110 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის გიგა ფარტენაძის საქმის განხილვა გადაიდო. პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ლევან მოისწრაფიშვილის ადვოკატი შეუძლოდ გახდა. მან სასამართლოს წერილობით მიმართა და სხდომის გადება მოითხოვა, მიზეზად კი ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა. ამ მიზეზით პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

პალატის გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქედან, რომ მსჯავრდებული ლევან მოისწრაფიშვილი გაძევებულია დარბაზიდან და ვერ ესწრება პროცესებს, ადვოკატის გარეშე საქმეს ვერ განიხილავდნენ.
 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ. პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა პალატას, რომ ლევან მოისწრაფიშვილს დაენიშნოს სახელწიფო უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატი. პალატამ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მსჯავრდებულის მომდევნო პროცესზე სხვა ადვოკატი დაიცავს.

დღევანდელ პროცესს მხოლოდ ერთ-ერთი მსჯავრდებული შოთა შანიძე ესწრებოდა. მან გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე საბოლოო სიტყვა წინა სხდომაზე წარმოთქვა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დამნაშავეებად დანარჩენ ორ მსჯავრდებულს და იმ პირებს ასახელებს, რომლებიც მისი განცხადებით ამ დრომდე არ მიცემულან პასუხისგებაში.

მოკლული პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახის ადვოკატმა დღეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას წერილობით მიმართა. ოჯახი სამივე მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლეს ფორმის გამოყენებას ითხოვს, ასევე პროკურატურას გამოყოფილ საქმეზე გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით მიმართავს.  სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 2 წელია მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში