თურქეთში საარჩევნო უბანზე ორი დამკვირვებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

31 მარტი 2019, 00:00 1663 ნახვა

2 ადამიანი იმსხვერპლა სროლამ საარჩევნო უბანზე თურქეთში. ქალაქ მალათაიში ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ იარაღი ამოიღო და ორი მოწინააღმდეგე მოკლა. მსროლელი დაკავებულია. მომხდარს ტვიტერში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „ კეთილდღეობის“ ლიდერი თემელ კარამოლაუღლუ და დაადასტურა, რომ დაღუპულები მისი პარტიიდან დამკვირვებლები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ მოქალაქისთვის ხელი შეეშალათ არჩევანის ღიად დაფიქსირებისთვის, რის გამოც მოკლეს. 

დღეს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. კენჭს უყრიან ქალაქების მერებსა და საკრებულოების წევრებს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მუნიციპალურ არჩევნებს ქვეყნის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. ერდოღანი, რომელიც თურქეთის პოლიტიკაში ბოლო 16 წლის განმავლობაში ძირითადად ძლიერი ეკონომიკური ზრდის წყალობით წამყვან როლს თამაშობს, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე პოპულარული ლიდერია. თუმცა ამ არჩევნებში ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მის მმართველ განვითარებისა და სამართლიანობის პარტიას დიდი დარტყმა ელოდება. წინასწარი პროგნოზებით, ერდოღანის პარტია დედაქალაქსა და ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ სტამბულში არჩევნებს წააგებს.

მიზეზად ეკონომიკური კრიზისი და ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურებას სახელდება. ერდოღანმა საკუთარი ნება სტამბოლის უსკიუდარის რაიონში მდებარე დაწყებითი განათლების სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში გააკეთა. იგი სტამბოლიდან ანკარაში გაემგზავრება და წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერების წინაშე გამოვა. 

კენჭისყრა თურქეთის აღმოსავლეთში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი ერთი საათით გვიან დაიწყო. საარჩევნო უბნები აღმოსავლეთში 16 საათზე, დასავლეთში კი 17 საათზე დაიხურა. ქვეყანაში 57 მილიონი ამომრჩეველია. გამარჯვებულთა შესახებ პირველი მონაცემები შუაღამისთვის გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში