თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაშველებმა გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს

31 მარტი 2019, 00:00 1805 ნახვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე #5-ში მშენებლობაზე მიწის მასაში, მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი მუშის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 26 წლის მამაკაცია. ამ წუთებში, ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. 

შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. აღნიშნულ ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. 

''ეს მოხდა პირველ სართულზე და ქვემოთ, ასე ვთქვათ ნულსართულზე, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩამოშლილია მიწა და ბეტონის საფარიც არის დიდი რაოდენობით. მეორე მუშის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება  საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში