"გახარებული ბათუმელები" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიკას უწუნებენ

02 აპრილი 2019, 00:00 2740 ნახვა

მოძრაობა ​''გახარებული ბათუმელების'' წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ​აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საინფორმაციო პოლიტიკა დაუწუნეს. 

მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ მაუწყებელი კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ატარებს,  ოპოზიციური ტელევიზია გახდა და მათი მტკიცებით, პრობლემური და კრიტიკული მასალების მომზადების გამო, ქალაქში უამრავი ადამიანია აღშფოთებული. "ტელევიზია არ უნდა იყოს სახელისუფლებო, თუმცა არ უნდა გახდეს ოპოზიციური" - ეწერა რელიზში, რომლითაც ბრიფინგის მონაწილეები ხელმძღვანელობდნენ. 

მაგალითად კი მოჰყავთ მხოლოდ 27 მარტის ინფორმაცია,  როცა ქობულეთში პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მწვანე ქალაქის" პრეზენტაცია გამართა და 500 მილიონი ლარის ღირებულების  პროექტის მშენებლობა დააანონსა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.

ერთ-ერთი ​მოძრაობის წევრი ნანა მეგრელიძე მიიჩნევს, რომ როცა ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, ასეთი ტიპის სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიაწოდო პირველი და გაახარო.  მათი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ საინვესტიციო პროექტი 21:00 საათიან გამოშვებაში პირველ ამბად ვერ მოხვდა. 

რაც შეეხება კითხვებს, რას გულისხმობდნენ ''გახარებული ბათუმელები'' როცა ოპოზიციის ინტერესების გატარებაზე საუბრობდნენ, ან რომელი კონკრეტული ჯგუფების გავლენებზე ჰქონდათ ეჭვი, უპასუხოდ დარჩა. 

ნანა მეგრელიძემ თქვა, რომ მასალები დაუბალანსებელია, თუმცა კონკრეტული მაგალითი ვერ მოიყვანა. ასევე, არ დაუსახელებია პოლიტიკური პარტია, ადამიანთა ჯგუფი ან პირი, ვისაც მათი აზრით მაუწყებელზე გავლენა აქვს.

ბრიფინგზე ისაუბრეს იმაზეც, რომ  აჭარის ტელევიზიას რეიტინგი იმაზე დაბალი აქვს, ვიდრე გასულ წლებში ჰქონდა. 

მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "გაბრაზებული ბათუმელების" სახელით  შეიქმნა. არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ კი,  სახელი გადაირქვა და "გახარებული ბათუმელები" გახდა. 

 აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

 

განახლება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო: ''პრობლემებზე მასალების მომზადების გამო, ქალაქში უამრავი ადამიანია აღშფოთებული'' - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიკას უწუნებენ.

მაუწყებელმა მიიჩნია, რომ ეს არ იყო ზუსტი ფორმულირება და მასალას სათაური შეეცვალა. 

ამავე კატეგორიაში