ახალშენის კულტურის სახლის მშენებელი კომპანიის დირექტორი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

03 აპრილი 2019, 00:00 3669 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციას ახორციელებდა. მასთან ერთად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.

სამშენებლო კომპანიის დირექტორს კი თანხების არაკანონიერად მითვისებაში ედება ბრალი.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ: ''უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, მან ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს''. 

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ევალებოდა, რომელიც კომპანიის დირექტორს სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებაში დაეხმარა. ასევე კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტმა ყალბი დასკვნა გასცა, თითქოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ სამუშაოებთან.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში