ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა

17 აპრილი 2019, 00:00 6197 ნახვა

ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გარდაცვლილია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა კი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს, 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. 

ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხაშურთან იყო გაჩერებული.

აჭარის მაუწყებელი საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შეფერხების მიზეზებს აზუსტებდნენ, მატარებელი კი დანიშნულების ადგილისკენ უკვე გასულია. 

 

განახლება: 15:15

საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

''დღეს, 12:15  წთ-ზე გორი- ქარელის გადასარბენზე,  ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს  დაეჯახა, რომელიც  ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. “საქართველის რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს მოქალაქეებს, რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები და მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები გადაკვეთონ  მხოლოდ საამისოდ სპეციალურად ნებადართულ და შესაბამისად  მოწყობილ ადგილებზე, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან.  რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მხოლოდ ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით არის შესაძლებელი. ლიანდაგის გადაკვეთა ზემოთჩამოთვლილი ადგილების გარდა  კატეგორიულად აკრძალულია'' - წერია ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში