ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება

17 აპრილი 2019, 00:00 975 ნახვა

უნდა გაიზარდოს კანდიდატებისაგან მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა და გაუქმდეს გამოცდების ჩაბარების მოთხოვნა მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებისათვის. ფარული კენჭისყრა, რომელსაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ შეესაბამება დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემას. საბჭომ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები და უნდა არსებობდეს მათი გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს არის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სამართლებრივი მოსაზრების ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი, არც ერთ ეტაპზე არ უნდა მონაწილეობდეს შერჩევის პროცესში ან უნდა გადადგეს, სანამ თავის კანდიდატურას წამოაყენებს; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც იქნება საჯარო;უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები;პარლამენტს ამ პროცესში უნდა ჰქონდეს ზედამხედველობის ფუნქცია, რათა შეამოწმოს მთლიანი პროცესის კანონთან შესაბამისობა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალე პროცედურები და გარანტიები იმაში დასარწმუნებლად, რომ კანდიდატების ნომინირებისა და დანიშვნის გადაწყვეტილებები ექსკლუზიურად ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება. სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინონ ეს მოსაზრება და არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის მიღებისას.

ამავე კატეგორიაში