საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

20 აპრილი 2019, 00:00 1760 ნახვა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ქართველებმა კალინინგრადში, ესპანეთის ნაკრების დამარცხება შესძლეს ფინალში და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ნახევარფინალში რუსეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' ესპანელებთან თამაში მძიმედ დაიწყეს და პირველი ნახევარი 6:10 დათმეს.

მე-3 წუთზე საქართველო დაჩი პაპუნაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, რასაც ესპანელებმა ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხეს. დავით ჩავლეიშვილის გუნდი წინ კიდევ ერთხელ გავიდა. პაპუნაშვილმა 21-ე წუთზე მეორე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა - 6:3. ესპანეთმა 25-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, მეტოქემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა ესპანელებს ლელო დაუდო, გარდასახვა ზუსტად შესრულდა და საქართველომ 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მატჩის 61-ე წუთზე გიორგი ქობალიამ ესპანელთა მორაგბის დარტყმა დაბლოკა, ბურთი გიორგი კუპრაძეს მიუვიდა, რომელმაც მარტივად შეძლო ლელოს დადება.

საქართველო ესპანეთთან 10 ქულით დაწინაურდა - 20:10. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ეს იყო ზედიზედ მე-5 ფინალი და ზედიზედ მე-2 ტიტული, რომელიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთში მოიპოვეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში