კაპრალ იაგო შარაძესა და გიორგი ნანეტაშვილს ზღვაში ეძებენ

16 აგვისტო 2016, 00:00 3101 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.
 
 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
 

კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობს.
I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.

ამავე კატეგორიაში