''უკვდავი პოლკის'' 40-მდე აქტივისტს წელს საბჭოთა სიმბოლიკა აღარ გამოუყენებია

09 მაისი 2019, 11:01 2727 ნახვა

ბათუმში, დღეს, 9 მაისს, ''უკვდავი პოლკის'' 40-მდე აქტივისტი გმირთა ხეივანში შეიკრიბა. ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობას და აქციას მართავენ.  მოქალაქეებს თან აქვთ პლაკატები, ომში გარდაცვლილი და მონაწილე ახლობლების ფოტოები და ფერადი ბუშტები. 

გმირთა ხეივანი ორ ნაწილად  გაიყო. 9 აპრილის მემორიალთან,  ''უკვდავი პოლკის''  წევრების მსვლელობა კონტრაქციამ შეაფერხა. მეორე მხარეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან, რომლებიც პატივს მიაგებენ ომის მონაწილეებს, თუმცა "უკვდავ პოლკს" რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ და აპროტესტებენ. ორ ჯგუფს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფს. 

ადგილზე ათობით სამართალდამცველი იმყოფება, რომლებმაც განმუხტეს სიტყვიერი დაპირისპირებაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "უკვდავი პოლკის" ლიდერს ლიკა ზახაროვას უთხრეს, რომ მას 9 აპრილის მემორიალთან და გმირთა ხეივანში აქციის გამართვის მორალური უფლება არ ჰქონდა. 

"უკვდავი პოლკი" ეს არის მსვლელობა, რომელიც 2012 წლიდან საკმაოდ პოპულარულია რუსეთში, ამ მსვლელობებში აქტიურად არის ჩართული რუსეთის მმართველი პარტია, ბაიკერული კლუბი "ღამის მგლები" და თავად ვლადიმერ პუტინი.

"უკვდავი პოლკის" მარშის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკის გამტარებლები. "ჩემი ოჯახის წევრების პატივსაცემად მოვედი აქ. დედაჩემის ძმა დაიღუპა სამხედრო ქირურგი იყო. პატივი არ უნდა ვცეთ ამ ხალხს? რომ ვუყურებ გული მტკივა, არავითარი უფლებები არ აქვთ, არც იხსენებენ. ტელევიზორში ახალგაზრდები ისე ცუდად ლაპარაკობენ ამ ომზე, რატომ? ხელისუფლება დღეს ამ ხალხთან უნდა მოსულიყო, სიტყვით გამოსულიყო. რამე ეთქვა, რაღაც პატარა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა'' - უთხრა შეკრების მონაწილემ აჭარის მაუწყებელს. 

ჟურნალისტების კითხვაზე კონკრეტულად ვის შეკრებაზე მივიდნენ და რატომ? მოქალაქეთა ნაწილმა თქვა, რომ აქციის შესახებ, სოციალური ქსელის საშუალებით გაიგეს. ეწერა, რომ ვეტერანები იკრიბებოდნენ და გმირთა ხეივანში ამიტომ მივიდნენ. 

"უკვდავი პოლკის" აქციის ორგანიზატორი, ლიკა ზახაროვა ამბობს, რომ  აპოლიტიკური ორგანიზაცია აქვთ და მხოლოდ ვეტერანების პატივსაგებად იკრიბებიან, თუმცა მათ საბჭოთა სიმბოლიკა და გიორგიევსკის ლენტი მაინც ჰქონდათ. ზახაროვა ამბობს, რომ დღეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას მოერიდებიან.   

''ჩვენ არაპოლიტიკური ორგანიზაცია, სახალხო მოძრაობა ვართ, რომლებიც ცოტა სხვანაირად ავღნიშნავთ ამ დღეს. პორტრეტები მოგვაქვს ვინც ჩვენთვის ომში წავიდა. თქვენც ხომ ამ გამარჯვებულების შვილიშვილები ხართ. მარტო 9 მაისს ვიკრიბებით'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

„უკვდავი პოლკის" აქცია 9 მაისს, უკვე მესამედ საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ტარდება.

განახლება: 11:30 ''უკვდავი პოლკის'' აქციის მონაწილეებმა სანაპიროსკენ, ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით გზა ვერ გააგრძელეს. ამიტომ მსვლელობას გმირთა ხეივანში ე.წ. ბათუმის კარიბჭესთან უკან დაბრუნდნენ. 

სავარაუდოდ, ელოდებიან მეორე კონტრაქციის დასრულებას, რომ გზა მსვლელობით გააგრძელონ. ამ ეტაპზე ორივე აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში