საპატრიარქო - მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა

11 მაისი 2019, 12:20 1742 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და ამ ძეგლის მოლოცვა მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ. 8 მაისს პატრიარქმა დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს შეიხი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი მიიღო, 7 მაისს კი მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. 

აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს.მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში