დავა რუსთავი 2-თვის

12 მაისი 2019, 20:00 1772 ნახვა

„რუსთავი2“-ის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება, ნინო ნიჟარაძე, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ნი  წილის მფლობელია, არხის   წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელით შევიდა და სხვა მეწილეებისგან, დაგროვილი გადასახადების სახით 26 მილიონიან კომპენსაციას ითხოვს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

გვარამია ნიჟარაძეს სთავაზობს, თუ ეს ასე არ არის და პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს. თავის მხრივ, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან სარჩელი არბიტრაჟში განიხილონ, იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, თუმცა გარკვეული პირობებით.  რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ნიჟარაძის მიერ წამოწყებულ სასამართლო დავას ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მორიგი დავა აფერხებს მაუწყებლის მუშაობას და ქვეყანაში თავისუფალ მედიაგარემოს საფრთხეს უქმნის. მათივე შეფასებით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიულ პროცესებზე. გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სხვა მედიასაშუალებების მიმართ არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში