მიქელაძეების 14 წევრიან ოჯახს ასახლებენ

13 მაისი 2019, 11:41 4935 ნახვა

ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. დღეს, 13 მაისს მიქელაძეების 14 წევრიანი ოჯახის გამოსახლებაა ჩანიშნული. მევახშე უძრავი ქონების დათმობას ითხოვს. ამბობს, რომ ოჯახმა საცხოვრებელი სახლი უნდა დაცალოს. 

მიქელაძეები ყვებიან, რომ დაახლოებით სამი წლის წინ, 37 ათასი დოლარი აიღეს, რომლის დროულად დაბრუნება ვერ შეძლეს. დღეს ისინი მევახშეს გაორმაგებულ თანხას სთავაზობენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის პირობებს არ თანხმდება და 85 ათას დოლარს ითხოვს.

''ამხელა ფულს ვერ გადავუხდით, ფიზიკურად არ გვაქვს. მევახშეს 50 000 დოლარს გადავუხდით. იქნებ მთავრობა რამეში დაგვეხმაროს, ან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, ან ბანკთან შუამდგომლობა გაგვიწიონ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯაბა მიქელაძე.

ადგილზე უფლებადამცველებიც იმყოფებიან. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ხელისუფლება წლების წინ, იპოთეკით დაზარალებულებს დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს დაპირდა და ეს პირობა უნდა შეასრულოს. 

​''თუ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს, მსგავსი პრობლემის წინაშე ოჯახები კვლავ დადგებიან. ამ ხალხს დახმარება სჭირდება'' - ამბობს უფლებადამცველი. 

გამოსახლება ერთი წლის წინაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ გადაიდო. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

რამდენიმე წუთის წინ, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში