საინფორმაციო დაფებზე ავტობუსის მიმართულება და რეალური მარშრუტი ერთმანეთს არ ემთხვევა

15 მაისი 2019, 14:04 2962 ნახვა

ბათუმში, ავტობუსების გაჩერებებზე საინფორმაციო დაფები არასწორ მიმართულებებს აჩვენებს. საუბარია ყვითელი ფერის ნიშნებზე, რომელიც მგზავრთა მოსაცდელებთანაა დამონტაჟებული.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტაბლოზე დატანილი ინფორმაცია ავტობუსების მოძრაობის სქემას არ ემთხვევა, რაც მგზავრებს პრობლემას უქმნის.

''თუ ზუსტად არ იცი სასურველ მისამართზე, რომელი ნომერი მუნიციპალური ავტობუსი მიდის, მაგალითად აეროპორტის ნაცვლად, შეიძლება ე.წ ხოფის ტერიტორიაზე აღმოჩნდე ან პირიქით. არ შეიძლება საინფორმაციო დაფაზე მონაცემები არასწორად იყოს. მძღოლებთან ვარკვევთ, რომელი ავტობუსი რა მიმართულებით მოძრაობს. ამის გამო, გაჩერებებზე ლოდინი დიდხანს გვიწევს’’ -  თქვა მგზავრმა, რომელიც გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა.

მოსაცდელებთან საინფორმაციო დაფების ნაწილი, რომ არასწორ მიმართულებებს უჩვენებს, ''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' იციან. ამბობენ, რომ ტაბლოებზე დატანილი მონაცემები, ხაზების ოპტიმიზაციისა და ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ აღარ ემთხვევა. 

‘’ქალაქში ამ ეტაპზე ხაზების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, თითქმის დასრულდა. შეიცვალა ავტობუსების მიმართულებები და დაიგეგმა გადაადგილების ახალი სქემა. აქედან გამომდინარე, ყვითელ საინფორმაციო დაფაზე დატანილი მონაცემები ახალ სქემას არ შეესაბამება, თუმცა ელექტროტაბლოები, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, გამართულად მუშაობს. ჩვენი სამსახური უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში ძველი ტაბლოები  ახლით ჩანაცვლდება,’’ - ამბობს ''ბათუმის ავტოტრანსპორტის'' წარმომადგენელი.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე მოესწრება.

ქალაქის ტერიტორიაზე მოსაცდელებთან 450- მდე საინფორმაციო დაფაა განთავსებული, საინფორმაციო ნიშნულების ნაწილი დაზიანებულია, რომელიც ტენდერის შემდეგ შეიცვლება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში