ბათუმის ცენტრალურ პარკში თვეებია სიბნელეა

15 მაისი 2019, 16:24 2832 ნახვა

ბათუმის ცენტრალური პარკში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, გარე განათების ნაწილი გათიშულია, ნაწილი კი ცუდად ანათებს.

მოქალაქეები, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ ღამით სასეირნო ბილიკამდე განათების შუქი ვერ აღწევს. პატარებს საღამოს, ცუდი ხილვადობის გამო, თამაში უჭირთ.  მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ პარკში გვიან სეირნობა ან მარტო გასვლა სიბნელის გამო აშინებთ. 

 

ტბის ირგვლივ დამონტაჟებული გარე განათების სისტემის ნაწილი დაზიანებულია, ამიტომაც ღამით, ტბის ირგვლივ სეირნობას ერიდებიან. პარკის მთავარ შესასვლელთან მრავალწლოვანი ხე კი, რომელიც წლების განმავლობაში პროჟექტორებით იყო განათებული, მთელი ზამთრის განმავლობაში გათიშულია. დაზიანებული პროჟექტორი კი მოხსნილი.  

4 თვის წინ, 15 იანვარს, იგივე პრობლემაზე ეკითხებოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს ხელმძღვანელს, სულხან ევგენიძეს. ის ამბობდა, რომ პარკში გარეგანათების პრობლემა არ არის, განათებების შეკეთება მყისიერად ხდება თუ ის დაზიანებულია. თუმცა, მოქალაქეების პრეტენზიებს, რომ პარკი ჩაბნელებულია, ძირითადად, დაბალი სიმძლავრის განათებას უკავშირებდა. იქვე დაანონსა, რომ ნათურების ჩანაცვლება იგემება. 

 

4 თვის შემდეგ, ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა სამმართველოში ამბობენ, რომ პარკში დაბალი სიმძლავრის ნათურები რამდენიმე დღეში შეიცვლება. 

''არსებული ნათურების ადგილას, მაქსიმალურად მძლავრი ნათურები დავაყენოთ. უბრალოდ ამ პერიოდში კაბელი იყო დაზიანებული და ზოგიერთი სანათი არ ანათებდა. დაზიანების კერები სპეციალისტებმა უკვე დაადგინეს და უახლოეს დღეებში შეიცვლება, გამოვცვლით დაზიანებულ ნათურებსაც, ეკო ნათურებს დავაყენებთ. სამუშაოები, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან დაიწყება. ამ ორ დღეში მრიცხველები და კაბელი შეიცვლება,'' - უთხრა მაუწყებელს სულხან ევგენიძემ.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში