მოქალაქეების მტკიცებით, სანაპიროზე აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს - საგანგებო არ ადასტურებს

16 მაისი 2019, 13:19 16188 ნახვა

მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროზე, დაახლოებით 13:00 საათზე,  აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს. დამსვენებლების ნაწილი, უსაფრთხოების მიზნით, ზღვიდან ამოვიდა. პირად საუბრებში ამბობენ, რომ პირველი ხმა ძლიერი იყო, შემდეგ კი რამდენჯერმე განმეორდა და შედარებით სუსტად ისმოდა. 

სანაპიროზე ძლიერი ხმაურის შესახებ ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოთხმა მოქალაქემ დაუდასტურა. 

 "ცხოვრებაში ასე არ შემშინებია, ისეთი შემაძრწუნებელი ხმა იყო, პლაჟიდან გავრბოდი. გეგონებოდა, რომ რაღაც აფეთქდა ზღვაში. გუგუნის ხმა იყო ძალიან მძაფრი.  მარტო მე არ მქონია ეგ რეაქცია, ყველას შეშინდა, ვინც ჩემს ირგვლივ იყო. 27 წლის ვარ და ასე არასდროს შემშინებია. მერე მოქალაქეებმა ვერსიები თქვეს, ალბათ დინამიკებს ამოწმებენო, ზოგი იძახდა წვრთნები გადის ალბათ და მაგის ხმები იყოო. ზუსტად არ ვიცი, ისეთ ძლიერი ხმა მერე აღარ ყოფილა," - ამბობს სოფო შაიშმელაშვილი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს შესაბამის უწყებებთან,  რას შეიძლება გამოეწვია სანაპიროზე ძლიერი ხმაური და უკავშირდება თუ არა აფეთქებას.   ბათუმის სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება მათთან არ შესულა. შეტყობინებები არ შესულა არც მერიაში, არც შს სამინისტროში. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში