"ბათუმის დინამოს ბრალეულობა გამორიცხულია, აქ ამას არავინ იკადრებს" - ასლან ბალაძე

20 მაისი 2019, 16:08 5867 ნახვა

ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორი, ასლან ბალაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ გუშინ, 19 მაისს, სავარაუდო მატჩების ჩაწყობისა და გაყიდვის ფაქტებთან, ბათუმის "დინამოს" არანაირი კავშირი არ აქვს.  ფიქრობს, რომ მაინცდამაინც გუშინდელი თამაშის შემდეგ, ფეხბურთელების დაკავება, უბრალოდ დამთხვევა იყო და შესაძლოა, მსგავსი ოპერაცია სხვა თამაშის შემდეგ ჩაეტარებინათ სამართალდამცველებს. 

"სუს-ის განცხადებაში დასახელებული იყო ბათუმის დინამოს გუშინდელი თამაში, მე ვფიქრობ, რომ ეს რიგითი თამაში იყო, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე "ვიტ ჯორჯია" გახლდათ. რა სიტუაცია იყო ან როგორ იყო, ეს იმ გუნდმა უნდა გასცეს პასუხი, ვინც დღეს დამნაშავე არის ამ საქმეში.

ბათუმის დინამო არ იყო არასდროს ესეთ საკითხებში გარეული - არც ხელმძღვანელობა და არც ფეხბურთელები, ამას აქ არ იკადრებს არავინ.  ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები აკვირდებოდნენ გუნდის "ვიტ ჯორჯიას" ქმედებებს ყველა თამაშზე და ამას გამოძიება უფრო კარგად დაადგენს.

ეს ბოლო თამაში იყო, მე როგორც ვიცი. დამთხვევის ამბავია, რომ ჩვენს თამაშზე მოხდა, თორე შეიძლება ეს სხვა თამაშში ყოფილიყო. აქ ბათუმის დინამოს ბრალეულობა გამორიცხულია, არავითარ ბრალი არ არის და არც იქნება. საგამოძიებო სამსახურს არავინ გამოუკითხავს ჩვენთან, არც იქნებოდა მსგავსი რამ, რადგანაც ეს ჩვეულებრივი თამაში იყო და ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, გუშინდელი თამაშის შემდეგ ასეთი ინფორმაციის გავრცელება"

ბათუმის დინამოში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი ამ კლუბში არ მოხდება:  "მსგავსი რამ არ მოხდება ჩვენს ქალაქში, რადგან ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს გულშემატკივრებს, ჩვენ ქალაქს და ქართულ ფეხბურთს" - აცხადებენ კლუბში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში