სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს 

22 მაისი 2019, 18:26 2286 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარაში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ისინი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და სტუდენტს მხარდაჭერას უცხადებენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ფაქტებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგამოძიებო უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონიათ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ საკითხის განხილვის პროცესში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ჩაერთოს. 

''უპირველეს ყოვლისა, სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ სტუდენტებს და ზოგადად, ყველა მოქალაქეს, ვინც თავს სექსუალური შევიწროების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა სტუდენტი, ლექტორს სავარაოდო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, რაზედაც შესაბამისი განცხადებები სტუდენტთა მხრიდან გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტს ადეკვატური რეაგირება არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
და არც საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან არ მოყოლია. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოვუწოდებთ, ეთიკის კომისიაში მოიწვიონ განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად. ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს განხილვაში სახალხო დამცველის
ოფისის წარმომადგენელთა მონაწილეობა. აუცილებელია, უნივერსიტეტმა, როგორც საჯარო დაწესებულებამ, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სასწრაფოდ შეიმუშავოს დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმები და უზრუნველყოს მათი შესრულება'' - წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკრებულოს თანამშრომლებსაც ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

''მოვუწოდებთ, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს დროულად იმსჯელოს საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე და საზოგადოებას კოლეგიური, წარმომადგენლობითი ორგანოს პოზიცია გაუზიაროს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გაჟღერებული ბრალდებები არ არის საკმარისი საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის უფლებემოსილებების შესაჩერებლად, თუ გადაწყვეტილებას ამაზე თავად ბრალდებების ადრესატი არ მიიღებს, თუმცა
აუცილებელია, რომ ქალაქის საკრებულო ცალსახად გაემიჯნოს ყოველგვარი ძალადობის მცდელობას,  სამართალდამცავ უწყებებს მოვუწოდებთ საქმის დროული, ეფექტური და გამჭირვალედ გამოძიებისაკენ არამარტო 2019 წლის 21 მაისს გამოვლენილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, არამედ სხვა ანალოგიური ხასიათის გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებითაც,'' - წერენ მესამე სექტორის წევრები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში