დრამატულად გაზრდილია აჭარაში ბრალდებულებზე დაზიანებების მაჩვენებელი - სახალხო დამცველი

27 მაისი 2019, 13:13 2121 ნახვა

"აჭარაში, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, სხეულზე მიღებული დაზიანებების შემთხვევები 9-ჯერ გაიზარდა" - წერია სახალხო დამცველის 2018 წლის მონიტორინგის შედეგებში. უფრო კონკრეტულად კი, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გასულ წელს, ფიზიკური დაზიანების 47 ფაქტი დაფიქსირდა,  2017 წელს კი, იმავე იზოლატორში მხოლოდ 5 შემთხვევა იყო. 

სახალხო დამცველი დღეს, 27 მაისს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ, პარლამენტში მივიდა.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა და რეგიონში ამ მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

''რამდენიმე რეგიონში შევნიშნეთ, რომ ფიზიკური დაზიანებების აღრიცხული მაჩვენებელი დრამატულად გაზრდილია, განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს აჭარა. ეს არის ინფორმაცია რაც, ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა. სახალხო დამცველის აპარატში კი, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობა გაზრდილი არ არის. რამდენიმე რეგიონში პირიქით შემცირებულია, თუმცა აჭარაში დაფიქსირებული ციფრები ნამდვილად აჩენს კითხვით ნიშნებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს. ამიტომ ვართ ჩვენ დღეს შეკრებილები, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უნდა მოვისმინოთ ახსნა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

წელს ვაპირებთ აჭარის რეგიონს განსაკუთრებული ყურდღება მივაქციოთ. ამ ციფრებმა დაგვანახა, რომ იქ არის გარკვეული პრობლემები'', - განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ რეკომენდაციებსაც გასცემს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში