გვარას ციხის კონსერვაციისთვის პროექტის შეძენა მომავალ წელს იგეგმება 

28 მაისი 2019, 16:12 2766 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო​, გვარას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროექტის შეძენას გეგმავს. სააგენტოში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მალე დასრულდება, მომავალ წელს კი ახალი მიმართულებით იმუშავებენ. 

გვარას ციხეზე არქეოლოგები ამ დრომდე რჩებიან. გათხრების შედეგად მხოლოდ წელს ცხრა ქვევრი აღმოაჩინეს. ციხის შიდა ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების შესწავლა დასრულდა. 

''წელს ექსპედიციამ შეისწავლა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ გალავანში ჩართული კოშკი. როგორც გაირკვა, თავის დროზე ციხეს შესასვლელი სწორედ ამ მხრიდან ჰქონია. კოშკი აკონტროლებდა ციხეში ამომავალ ერთადერთ გზას და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ციხის თავდაცვით სისტემაში.

არქეოლოგიური გათხრების პარალელურად დანაწევრდა და ციხის გარეთ გაიზიდა გალავნის ჩაქცეული კედლების უმეტესი ნაწილი. გაივლო საკონტროლო თხრილები ციხის გარეთ- დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებთან. გაიწმინდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაც.

ციხის ძირითადი დანიშნულებაც მდ. ჭოროხისა და მაჭახლის წყლის ხეობაზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. იგი ყველა ეპოქაში თავისი ადგილმდებარეობით მიმზიდველი იყო და XI ს-დან XX ს-ის I ნახევრამდე დიდ როლს ასრულებდა მდ. ჭოროხის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში'' - წერია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში