სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს მხარს ვუჭერთ - გენდერული საბჭო 

28 მაისი 2019, 16:43 1687 ნახვა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

დოკუმენტში წერია, რომ საბჭოს წევრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს პირადად დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. 

''მხარს ვუჭერთ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს და მადლობას ვუხდით გამბედაობისთვის'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მსგავსი სახის პრობლემებზე ღიად საუბრობს, დაუცველობის განცდა არ უნდა ჰქონდეს. 

''სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა - სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, სექსუალური მოძალადისთვის განსაზღვრულია სათანადო პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს და მთლიანად საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ვიბრძვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის ღიად ისაუბროს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, დაუცველობის განცდა არ უნდა დარჩეთ.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება,'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ომარ მახარაძემ, რომელიც ამასთანავე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“ გუშინ, 27 მაისს, დატოვა.

ომარ მახარაძე მეორე კურსის სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში