''პლინტუსს'' დაბლაა ყველა გადაცემა - დირექტორობის მსურველი აჭარის მაუწყებლის ყველა გადაცემას იწუნებს

30 მაისი 2019, 11:33 2525 ნახვა

მრჩეველთა საბჭოს წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებს უსმენენ. გასაუბრება დღეს, 30 მაისს 4 კანდიდატთან - დავით ჩხარტიშვილთან, გიორგი კოხრეიძესთან, მერაბ წულუკიძესა და შოთა გურაბანიძესთან გაიმართება.  

ხედვების, კონცეფციის, სამომავლო გეგმების შესახებ, ერთ-ერთი კონკურსანტი დავით ჩხარტიშვილი, ბორდის წევრებს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. 

კანდიდატმა თქვა, რომ თანამდებობა საქმისთვის უნდა, იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში და თავს არ დაზოგავს. აჭარის მაუწყებელში ახალი სახეების მოსაყვანად და ახალი გადაცემების ჩასაშვებად კონკურსებს გამოაცხადებს, შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, ტელევიზია კი ყველა დისკურსისთვის ღია იქნება.  

''ბოლო წლებში მთავრობის ჩარევა საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ ტელევიზია ერთი უკიდურესობიდან ჩავარდა მეორეში. კერძოდ კი, ის ჩავარდა ულტრალიბერალური დაჯგუფების ინტერესეთა სფეროში და ატარებდა ერთი ტიპის ლიბერალურ დისკურსს. იყო თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ერთი, ლიბერალური დისკურსის ჩარჩოში. მე გპირდებით, რომ ჩემი მოსვლისთანავე აჭარის ტელევიზია ფაქტების გაშუქება ბევრად უფრო ამომწურავი და ღრმა იქნება, გავხსნი ტელევიზიას ყველა დისკურსისთვის...  უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო. უფრო კლუბის ფორმატში. მათი წევრების შესახებაც მიფიქრია. პირველ ხუთეულს დაგისახელებთ, მაგალითად ასეთია ვახტანგ ღლონტი, გია მასალკინი, ასლან ლორთქიფანიძე, ემზარ კახიძე, რამაზ სურმანიძე. ყველა რეფერენტული ჯგუფი უნდა აისახოს. ყველა ხედვისთვის ტელევიზია ღია უნდა იყოს, არ უნდა იყოს ტაბუირებული თემები აჭარის ტელევიზიაში'' - თქვა გასაუბრების დროს დავით ჩხარტიშვილმა. 

დირექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ ყველა გადაცემის ხარისხი ''პლინტუსს'' დაბლაა.  აქცენტი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო გადაცემებზე უნდა უნდა გაკეთდეს. საჭიროა მეტი პირდაპირი ეთერი, მეტი ტოკ-შოუ და ფაქტების სიღრმისეული ანალიზი. 

საბჭოს წევრის კითხვაზე, თუ რომელი გადაცემა არ მოსწონს, კანდიდატმა გოგი გვახარიას "ანარეკლები" დაასახელა.  "მაგალითად პირდაპირ გეტყვით, რომ გახარიას გადაცემა სრულიად არ მაკმაყოფილებს. ჩემი სიმპატია გურამ ქართველიშვილისკენ იხრება, "გააგრძელე საქართველოს ისტორია" და აუცილებლად აღდგება აჭარის ტელევიზიაში. ანუ გასაგებია ჩემი სიმპატიები ხო? " - განაცხადა დავით ჩხარიშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველი ამბობს, რომ  ტეევიზიაში სახეები შესაცვლელია. ამ დრომდე მუშაობენ, ასლან აბაშიძისა და ლევან ვარშალომიძის მმართველობის დროინდელი ჟურნალისტები, ისინი ფავორიტები ვეღარ იქნებიან. 310 კაცი კი ამ ორგანიზაციისთვის ძალიან ბევრია. 

''პირდაპირი ეთერის გარეშე ტელევიზია იქცევა ერთი მიკროფონიანი მსახიობის თეატრად. სახელფასო ბადე გადაფასდება. ის წლები, რომლებიც ასლან აბაშიძის წლებიდან მოყოლებული, ლევან ვარშალომიძის და ა.შ. შინაურობაში წარმოადგენენ სახეს აჭარის ტელევიზიაში. ეს ადამიანები ფავორიტის მდგომარეობას დაკარგავენ. პრეტენზიები ტექნიკური პერსონალის მიმართ არ მაქვს, იმ რესურსის გათვალისწინებით რაც აჭარის ტელევიზიას აქვს ისინი მაქსიმუმ აკეთებენ. მაგრამ ფაქტია, რომ კრეატივის ნაკლებობა არის, იდეები აკლია ამ ტელევიზიას. სიყვითლის ზღვარზეა. რატომ ვამბობ ამას - ყველაზე წარმატებული პროექტები... წარმოიდგინეთ, რომ პირველ კურსელ ჟურნალისტისთვის თავის დროზე აეხსნათ, რომ ჟურნალისტკა არის რაღაც ძეხვის ხარისხის, რაღაც კონცერტის გაშუქების, ტინგიცის ხელოვნება ხო?! ის ჟურნალისტიკიდან წავიდოდა, რომ ცოდნოდა რასთან ექნებოდა საქმე. ნამდვილი ჟურნალისტიკა სპეციალური რეპორტაჟებია, პრობლემების აქტუალიზაცია,'' - ამბობს ჩხარტიშვილი. 

მრჩეველთა საბჭოს წევრები დაინტერესდნენ როგორ აპირებს არსებული რეალობის შეცვლას? იმის შეცვლას, რაც არ მოსწონს.  

''კონკურსი გამოცხადდება  ერთი თვის განმავლობაში.  ბევრი ჟურნალისტია, რომლებისთვისაც ეს ტელევიზია წლებია ჩაკეტილია. რაღაც პოლიტიკური შეხედულებები გამო, ისინი  ვერ საქმიანობენ.  რეორგანიზაციის დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ. მოგატყუებთ მეტი კონკრეტიკა, რომ დავიწყო'' - განაცხადა კანდიდატმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში