"მე შემიძლია გუნდს მივცე მოტივაცია, ესაა ჩემი ძლიერი მხარე" - დირექტორობის კანდიდატი ნათია ზოიძე 

31 მაისი 2019, 14:40 2858 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მაუწყებლის გუნდთან ერთად მუდმივ რეჟიმში იმუშავებს, ის ვერ იქნება ხელმძღვანელი, რომელიც მხოლოდ საბუთებს მოაწერს ხელს. ნათია ზოიძე საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ტელევიზიის შეთავაზებას გეგმავს, რეზონანსული და საინტერესო თემებით. ამომავალი წერტილი კი ​მაუწყებლის აუდიტორია იქნება.

ნათია ზოიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს უთხრა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, პირველად რასაც გააკეთებს, ეს საინფორმაციო სამსახურის რეორგანიზაცია იქნება. ამბობს, რომ ონლაინ სამსახურსა და ანალიტიკურ გადაცემებს თანამშრომლების დამატება და გაძლიერება სჭირდება. 

‘’ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარეა ის, რომ შემიძლია გუნდს მივცე ძლიერი მოტივაცია’’ - თქვა ნათია ზოიძემ და ამის მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა, როცა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო და საგანგებო მდგომარეობის დროს,  შესაბამისი სამსახურის დირექტივების მიუხედავად, გუნდის მხარდაჭერით, პირდაპირი ეთერი არ გათიშეს და ჟურნალისტებთან და დირექტორთან ერთად ბოლომდე იმუშავეს.  

ნათია ზოიძემ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ საინფორმაციო სამსახურის ექსკლუზიური უფლება არ არის.

‘’როგორ წარმომიდგენია მომდევნო სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო? ეს არის გაძლიერებული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რატომღაც ამის აღქმა ხდება, რომ ეს არის მხოლოდ საინფორმაციო სამსახურის ექსკლუზიური მდგომარეობაა. მე ასე არ ვფიქრობ, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, გუნდის ყველა წევრისთვის და ტელევიზიის ყველა თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია. ფილმის ავტორსაც სჭირდება სარედაქციო დამოუკიდებლობა, თავისუფლება, გავლენებისგან თავისუფალი გარემო. იმისათვის, რომ აკეთოს ის, რაც მას უნდა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დადგენილ პრიორიტეტებს. სარედაქციო დამოუკიდებლობა ამ არხს აქვს და ეს არ არის ჩემი მოტანილი. თუ თქვენ არჩევანს ჩემზე გააკეთებს, ამოსავალი წერტილი, ახალი ამბებისთვის იქნება აუდიტორია. აუდიტორიის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გვექნება, არ ვიმუშავებთ ერთი და დიდი აუდიტორიისთვის, ჩვენ ვიმუშავებთ გუნდთან ერთად ყველა ტიპის მაყურებლისთვის.

ამ გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება ის, თუ მაუწყებლის გუნდი ერთნაირი ღირებულებებისა და იდეების გარშემო გაერთიანდება. ჩვენ გვექნება აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ ეს იქნება ერთ ღირებულებაზე დაფუძნებული გუნდი, რომელიც შექმნის აუდიტორიისთვის საინტერესო მედია პროდუქტს,’’ - თქვა კონცეფციის წარდგენისას, აჭარის საოზგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და ამავდროულად კანდიდატმა, ნათია ზოიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ სამიზნე ჯგუფებს შორის პირველი იქნება აჭარა, შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონები, მესამე სეგმენტი ემიგრაციაში მყოფი ქართველები. 

‘’ჩვენთან მოისმენთ მხოლოდ აჭარის მნიშვნელოვან ამბებს - ეს არ უნდა ვუთხრათ აუდიტორიას. ჩვენს არხზე ეროვნული ამბებიც უნდა ნახონ, რომელიც მათ ცხოვრებაზე აისახება. არ უნდა ვუთხრათ მაყურებელს თუ ეროვნული ამბები გაინტერესებთ, მოდით გადართეთ სხვა არხზეო. ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ იმას, რომ მრავალფეროვანი თემები შევთავაზოთ მოქალაქეებს. საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის, უმთავრესი მაინც შინაარსია. ამიტომ, ჩვენ ჩვენი პროდუქტებით შევუწყობთ ხელს ცნობისმოყვარე აუდიტორიის შექმნას. ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეების თვალში ასოცირდება კეთილსინდისიერ, პროფესიონალ კადრებთან, ზოგადად მას უყურებენ და ენდობიან. ეს არის მთელი ლაიტმოტივი, რის გამოც მე ვარ ამ პროცესში ჩართული, დემოკრატიის განვითარება - ეს არის ჩემი მთავარი მოტივი. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად მოვახერხებთ, ჩვენს მომზადებულ თემებზე საუბრობდნენ,’’ - ამბობს ნათია ზოიძე.

დირექტორობის მსურველი ამბობს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება საჭიროებს მნიშვნელოვანად შეცვლას, გაძლიერებას. აუცილებელია სარედაქციო საბჭოს ამოქმედება, რომელიც სხვადასხვა მიმართულების სამსახურის წევრებთან ერთად, დღის წესრიგს განსაზღვრავს და თემებს დაგეგმავს.

‘’ჩემი დაკვირვებით, კონკრეტულ გადაცემაში მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით ხდება თემების შერჩევა და დალაგება. ერთი ადამიანი არ არის საკმარისი ამისთვის, როდესაც ადამიანი დაღლილი მივიდა სახლში, მხოლოდ ერთი ადამიანის პრიორიტეტებით განსაზღვრული საინფორმაციო  არ უნდა ნახოს.  ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სარედაქციო საბჭოს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოხდება მსჯელობისა და დისკუსიის შემდეგ, თუ რას ნახავს 21 საათზე მოქალაქეები და რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი... დღეს ეს დებულებით არის, მაგრამ არ მუშაობს... უნდა იკრიბებოდეს ყოველდღიურად. რეალურად მე ეს შემიძლია. ქაღალდზე შეიძლება ბევრი რამე წერია, მაგრამ მე ამის ამოქმედების რესურსი მაქვს. ახალი ამბების სამსახურმა, რომ გამართულად იმუშაოს, ბიუროები უნდა გაძლიერდეს. ჩვენ სამივე პლატფორმით ვაღწევთ შედეგებს. ვები, რადიო და ტელევიზია ინტეგრირებულ ნიუსრუმში.

ჩვენ ყველგან უნდა ვიყოთ,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახლში. ჩვენზე უნდა გაკეთდეს არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენგან გაიგებენ რეგიონის მთავარ ამბებს. ამის პრეტენზია და ამბიცია გვაქვს. ჩვენგან გაიგებენ ყოველგვარი პოლიტიკური შეფერილობის გარეშე ახალ ამბებს.  ამაში ბუნებრივია ჩართული უნდა იყოს რადიო. დღეს მისი განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანი პრობლემაა, ტელევიზიის პროგრამებში მოძველებული სისტემაა’’ - თქვა ორ საათიანი გამოსვლის დროს ნათია ზოიძემ.

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში