სკანდალური დაკავებები

01 ივნისი 2019, 19:40 1727 ნახვა

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი, აჭარის მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა თქვა, რომ მაღალჩინოსნები პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით დააკავა. მიზეზი კი, 2015 წელს ჩატარებული ის ტენდერი გახდა, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო.

ამ დაკავების შემდეგ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დააგვიანა რეაგირება საგამოძიებო უწყებამ მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასულ წელს, აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა მასალები  ბათუმის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების  შესახებ.  აუდიტის სწორედ ამ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ მილიონ 430 ათას 342 ლარის ზიანი“.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას საერთოდ არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. აუდიტის დასკვნამდე, ჯერ კიდევ 2015 წელს, რისკებზე საუბარი იყო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში