დავით სარალიძე გ.ჯ.-მ  ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა - სააპელაციო სასამართლო

03 ივნისი 2019, 13:36 1186 ნახვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძე გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მოკლა. მას 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდეს – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სანდოძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს ლევან დადუნაშვილს, მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს სააპელაციომ ბრალის კვალიფიკაცია უცვლელად დაუტოვა, თუმცა გაუზარდა სასჯელის ოდენობა.  

''პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს მკვლელობის მცდელობისთვის.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ იქნა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ს მკვლელობა ჩაიდინეს გ.ჯ.-მ და გ.ბ.-მ ჯგუფურად, თუმცა გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ.ჯ.-ს მიერ დ.ს.-ს მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში და დაადგინა: 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და სამი თვის ვადით.

რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და სამი თვის ვადით“, – განაცხადა ნინო სანდოძემ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

დათუნა სარალიძის მამამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სამართლიანობის აღდგენის განცდა გაუჩინა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში