მიხეილ კალანდია დააკავეს - შსს

04 ივნისი 2019, 11:47 5693 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. 

მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იგი დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით,   სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. 

"პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.

შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ."  - განაცხადა ბორცვაძემ.  

2017 წლის დეკემბერში პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ.

კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. 

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს გუშინ გამოაცხადა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში