სააკაშვილისთვის თანამდებობის მინიჭებაზე ახლა არ ვფიქრობთ - ვლადიმირ ზელენსკი 

05 ივნისი 2019, 10:31 1827 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს  ამ ეტაპზე თავის გუნდში არ მოიაზრებს. 

„ის კიევშია. მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იულია მენდელმა.

„ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ, არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს. ვლადიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემდგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან“, – აცხადებს იულია მენდელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში