აკრძალვის მიუხედავად, მოხმარებიდან ცელოფნის პარკების ამოღება ვერ ხერხდება

05 ივნისი 2019, 11:26 4023 ნახვა

ცელოფნის ერთჯერადი პარკების სრულად აკრძალვიდან ორი თვის შემდეგაც, მაღაზიების ნაწილში ნაყიდ პროდუქციას მაინც პოლიეთილენის პარკში ათავსებენ, რომელსაც არ აწერია, რომ ბიოდეგრადირებადია. 

სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები, ახალ სისტემაზე გადასვლას არ ჩქარობენ. 

კომპანიები, რომლებიც ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს ამზადებენ რეგიონში ცოტაა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ერთ-ერთი ასეთი კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გოგი ტაკიძე ამბობს, რომ მოთხოვნა ნაკლებია. ძირითადად ბრენდირებულ პარკებს ამზადებენ, იმასაც მცირე ოდენობით. 

''შეკვეთის შემთხვევაში ვამზადებთ. მოთხოვნა ძალიან ცოტაა. მხოლოდ ბრენდირებული მაღაზიები ითხოვენ. ჯერ-ჯერობით მცირე რაოდენობას ვამზადებთ. მეტის დამზადებაც შეგვიძლია, თუმცა არ ითხოვენ. ჯერ ბოლომდე ტექნიკურად მაინც არ ვართ ისე გადაწყობილი. რთულია ძაან და სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. არ იჭრება, მარტივად არ ეწებება, გაშრობა სჭირდება. მოთხოვნაც არ არის ისეთი დიდი, რომ გარისკო და ახალი დანადგარები ჩამოიტანო. ფინანსებთან და დროსთანაა ყველაფერი დაკავშირებული. კანონი არ მუშაობს სამწუხაროდ. არ იყო ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად. არ გაგვაფრთხილეს, არ მოგვცეს ლოგიკური დრო. მალევე შეცვალეს და მოკლე დროში გადაიარაღება ვერ ხერხდება. ამისთვის რამდენიმე თვე საკმარისი არ იყო'' - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

გოგი ტაკიძის თქმით, ბიოდეგრადირებადი პარკის დამზადებას ოთხჯერ მეტი ნედლეული სჭირდება, ასევე დიდი დრო მიაქვს პროცესსაც. კომპანიის 7 წლიანი მუშაობის პერიოდში, ახლა ყველაზე ნაკლებად დატვირთული რეჟიმი აქვთ. 

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმებასა და დაჯარიმებას ჯერ ვერ იწყებენ. ამბობენ, რომ მეწარმეებმა ახალ რეგულაციებზე გადასასვლელად ვადა ისევ ითხოვეს. 

პირველ ეტაპზე მაკონტროლებლები გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, შემდეგ კი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. კანონდარღვევისთვის მოქალაქეს 500, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარის გადახდა მოუწევს. ეს მას შემდეგ, რაც მერიის შესაბამისი სამსახურები შემოწმებებს ოფიციალურად დაიწყებენ. 

ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პარკებით, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი. ახალი რეგულაციას საქართველოს მთავრობამ სწორედ, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებისთვის შეიმუშავა. 

დღეს, 5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს, გარემოს დაცვის დღის მთავარი სლოგანია - ,,შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით".

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში