„ბიაფის“ ფარგლებში კინოჩვენებები წელს პირველად აჭარის მაღალმთიანეთშიც გაიმართება

05 ივნისი 2019, 14:20 1785 ნახვა

წელს პირველად „ბიაფის“ ფარგლებში კინოჩვენებები ხულოში, შუახევში, ქედასა და ქობულეთში გაიმართება - ინფორმაცია ეროვნულ კინოცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდა, სადაც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ბიაფის“ მენეჯრმა ზვიად ელიზიანმა განაცხადა, კინოჩვენებები ქობულეთსა და ბათუმში ღია ცის ქვეშ მოეწყობა, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კი დახურულ სივრცეში, სპეციალურად ამ ჩვენებებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდება.

„პროექტის “ბიაფის ექო” ფარგლებში, კინოფესტივალამდე და ფესტივალის შემდეგ იგეგმება აჭარის რეგიონებში კინოჩვენებების ორგანიზება. ივლის-აგვისტოში ქობულეთსა და ბათუმში ღია ცის ქვეშ, ერთი კვირის განმავლობაში დიდ ეკრანზე მოეწყობა კინოჩვენებები. ოქტომბერში კი ორ-ორ დღიანი ჩვენებები გაიმართება ქედაში, შუახევსა და ხულოში. ამ ჩვენებების მიზანია, კინოზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც რეგიონებში ნაკლებად აქვს მოსახლეობას. პროექტის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო“, - განაცხადა ზვიად ელიზიანმა.

„ბიაფის“ ყოველწლიური ჯილდოთი - „კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - წელს დაჯილდოვდებიან ბათუმელი მსახიობი და კინემატოგრაფისტი მანუჩარ შერვაშიძე და სცენარისტი პოლ შრედერი.

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს 15-22 სექტემბერს გაიმართება. „ბიაფის“ პროგრამა ჯერჯერობით შერჩევის პროცესშია და საჩვენებელი ფილმების შესახებ ინფორმაცია აგვისტოდან გავრცელდება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში