ხანძარი „ლეოგრანდში“ - საქმეზე სააპელაციო სასამართლო ხვალ იმსჯელებს

11 ივნისი 2019, 15:20 1193 ნახვა

ლეოგრანდის საქმეზე მსჯავრდებული ორი პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხვალ დაიწყება. მხარეებმა   ბათუმის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილება  გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ  წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა და მიქელაძე სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის შესაბამისად გაასამართლა. ეს მუხლი გულგრილობას გულისხმობს კერძო სექტორში.სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ხვალ  14 საათზე დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში