ჩერნობილი ტურისტებისთვის ცხელი წერტილი ხდება - სერიალმა არა მხოლოდ რეიტინგები დაიპყრო

11 ივნისი 2019, 15:44 6009 ნახვა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ თავიდან მოექცა. 33 წლის შემდეგ, HBO-ს ახალი ტელესერიალის "ჩერნობილის" გამოსვლის შემდეგ, ბირთვული კატასტროფის ადგილი,  პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ადგილად იქცა.

ტურისტული კომპანიის გიდები, რომლებიც "ექსკლუზიურ ზონაში" ატარებენ ექსკურსიებს, ამბობენ, რომ შეკვეთების რაოდენობა 35%-ით გაეზარდათ. ვარაუდობენ, რომ ტურისტებმა ჩერნობილის მონახულება ტელესერიალის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს.

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე პოპულარული ტურები ერთდღიანია, რომლის ღირებულებაც 99 დოლარს შეადგენს.

ტურისტებისთვის ჩერნობილის ტერიტორიის ზოგიერთი ადგილი, 2011 წლიდან გაიღო, თუმცა არის ტერიტორიები, სადაც რადიაციის დონე იმდენად მაღალია, რომ იქ შესვლა აკრძალულია. მაგალითად, როსოშას სოფელი - მას "მანქანების სასაფლაოს" უწოდებენ.

თუმცა, მოგზაურებს საშუალება აქვთ მივიდნენ მიტოვებულ ქალაქ პრიპიატში, სადაც ყველაზე პოპულარული ეშმაკის ბორბალია. ატრაქციონი იმით არის საინტერესო, რომ ის არასოდეს ჩაურთავთ. მისი გახსნა 28 აპრილს იგეგმებოდა, ჩერნობილის აფეთქება კი ორი დღით ადრე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის ზოგიერთი ნაწილი მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ და ტურისტებისთვის დასაშვებ ზონად გამოცხადდა, ვიზიტორების ყველაზე პოპულარული კითხვაა - არის თუ არა რადიაცია საშიში? - ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი. იქვე აღნიშნავს, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა, სხვაგვარად მთავრობა ტურისტებს არ მისცემდა იქ ყოფნის საშუალებას.

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ პრიპიატში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში აფეთქება მოხდა. ​ის შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

საბჭოთა კავშირის მიერ, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს 31 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ქალი იყო. ათეულობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა დასხივებით, სალიკვიდაციო სამუშაოების დროს. მილიონობით ადამიანი კი საშიში რადიაციის ქვეშ აღმოჩნდა.

33 წლის შემდეგაც ჩერნობილის გამწმენდი ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

პრიპიატი კიევიდან 110 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რადიაციით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილის მონახულება, მხოლოდ ლიცენზირებული გიდების საშუალებით არის შესაძლებელი.


(წყარო: CNN)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში