​საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას LGBTQI-პრაიდის ჩატარება

14 ივნისი 2019, 13:12 2102 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც 18-23 ივნისს,  თბილისში პირველი ლგბტ-პრაიდის ჩატარებას​ "ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს".

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას აღნიშნული ღონისძიება, ხოლო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს არ წაახალისონ ეს აქტივობა.  

საპატრიარქო ამბობს, რომ ლგბტ თემის ცხოვრების წესი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ დიდი საფრთხეს ხედავენ ამ ტიპის აქტივობებში.   

" LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული" -  წერს საპატრიარქო. 

მათი მტკიცებით, მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას.  "ეს იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.  

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყოველწლიურად, ივნისში, სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტ თემის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. საქართველოში პირველად 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI თბილისის პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება და ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში