საქართველო შშმ პირებთან კონვენციით ნაკისრ ვალდებულელებს ვერ ასრულებს - მესამე სექტორი

14 ივნისი 2019, 14:31 1822 ნახვა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე  ორგანიზაციები შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ.

„კონვენციის რატიფიცირებიდან 5 წლის თავზეც კი შშმ პირთა უფლებების დაცვა ვერ გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. ქვეყანას ამ დრომდე არ მიუღია შესაბამისი ზომები კონვენციის ეფექტიანად განხორციელებისთვის“- ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში  საუბარია შშმ პირთა წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზეც, დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებზე, საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე.  

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის ცალკეული ჯგუფების საჭიროებებს, რაც გამორიცხავს შშმ ქალებისა და ბავშვების უფლებების ეფექტიან დაცვას. "ქვეყანაში მწვავედ დგას შშმ პირთა თანასწორუფლებიანობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის, მართლმსაჯულების, ფიზიკური გარემოსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ინკლუზიური განათლების ხარისხისა და დასაქმების საკითხები."

საუბარია სახელმწიფო სერვისების არარსებობაზეც.

„შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც ვერ პასუხობს შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს.“

განცხადებაში  წერია, რომ რეფორმის დიდი ნაწილი დღემდე ფურცელზე რჩება და ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს მისი პრაქტიკაში დანერგვისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემადაა განხილული დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ და მიიჩნევენ, რომ  სახელმწიფომ, შშმ პირთა უფლებების დაცვა, პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტად  უნდა აქციოს.

2003 წლიდან საქართველოში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება. ეს დღე არის სახელმწიფოს ვალდებულებების კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულება, ეფექტიანად დაიცვას შშმ პირთა უფლებები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სრულად იხილეთ ლინკზე.

https://emc.org.ge/ka/products/gantskhadeba-sakartveloshi-shshm-pirta-datsvis-dghestan-dakavshirebit

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში