ბულვარში ბიჭი დაცვის პოლიციას არ დაემორჩილა, დაპირისპირების დროს კი შეუძლოდ გახდა - შსს 

18 ივნისი 2019, 17:17 9166 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ახალგაზრდა ბიჭსა და დაცვის პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. შედეგად მოზარდი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბულვარის სასეირნო ბილიკზე მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, დაცვის პოლიციამ კი მოსთხოვა გადასულიყო ტერიტორიიდან. 

შსს ამბობენ, რომ ბიჭი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ადევნებულ პოლიციელებს კი სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის პოლიციამ მისი შებოჭვა სცადა, თუმცა მოზარდი, როგორც შსს-ში განმარტავენ, შეუძლოდ გახდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე გამოიძახეს, როგორც უწყებაში ამბობენ, ბიჭს  ფიზიკური დაზიანებები არ აქვს: "ის ძალიან ანერვიულებული იყო, გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში," - გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პოლიციელზე წინააღმდეგობის, ძალადობის ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მუხლით დაიწყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს ინფორმაცია ოფიციალურმა წყაროებმა მიაწოდეს, ამ ეტაპზე დაზარალებულს  ვერ დავუკავშირდით. ამიტომ უცნობია, მომხდართან დაკავშირებით მისი პოზიცია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში