კერძო პარკინგი აიკრძალა, თუმცა 7 სასტუმრო და 1 რესტორანი ამ უფლებით მაინც სარგებლობს 

19 ივნისი 2019, 11:34 3536 ნახვა

ბათუმში, 12 ივნისს, ბათუმის "ავტოტრანსპორტის" გადაწყვეტილებით, კერძო პარკინგი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა. სხვადასხვა რესტორნების, ორგანიზაციების, სასტუმროების თუ ადმინისტრაციული შენობების წინ მოიხსნა სპეციალური ნიშნები წარწერით - "იკრძალება პარკინგი, სამსახურებრივი  ტრანსპორტის გარდა". 

"ბათუმის ავტოტრანსპორტში" აცხადებდნენ, რომ მსგავსი საგზაო ნიშნები დაწესებულებებს თვითნებურად ჰქონდათ განთავსებული. "მერიაში არ არსებობს ბრძანება, გადაწყვეტილება ან დადგენილება, რომელიც ქუჩის სავალ ნაწილზე, სადაც პარკინგი უნდა იყოს, შეეზღუდოს მოქალაქეს მანქანის გაჩერება, რადგან იქ სამსახურებრივი ავტომობილები უნდა გაჩერდნენ," - ამბობდნენ უწყების პრესსამსახურში. 

ეს წესი დღემდე არ ვრცელდება 7 სასტუმროსა და ერთ რესტორანზე, რომლებსაც მოქალაქეებისთვის პარკინგი დახურული აქვთ. გამონაკლის ობიექტებს შორის არის - სასტუმრო "რადისონი", რესტორანი "სანრემო" და ა.შ.  

როგორც მერიაში განმარტავენ, ამ ობიექტებს მერიასთან იჯარის ხელშეკრულები აქვთ გაფორმებული, რომელიც ასევე გულისხმობს პარკინგის ორგანიზების უფლებას.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სადაც არის მიწა, იმ ტერიტორიას იჯარით გასცემს, რადგან სანაცვლოდ  კერძო ობიექტები თანხას იხდიან. 

"კონკრეტულად "სანრემოს" 280 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს იჯარით აღებული პარკირების მოწყობისთვის,  კიდევ მერიის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთს განკარგავს სხვა დანიშნულებით. ამიტომაც, მისი კერძო პარკინგის უფლება, ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ბათუმში, კიდევ 7 სასტუმროს აქვს მსგავსი უფლება მინიჭებული, რომ პარკირებას გაუწიოს ორგანიზება. 

რატომ აქვთ განსხვავებული უფლებები ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებს? ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ნებისმიერ საბიუჯეტო თუ კერძო კომპანიას შეუძლია მიმართონ მუნიციპალიტეტს განცხადებით, რომ ესაჭიროებათ რამდენიმე ადგილი პარკირებისთვის შენობის წინ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რეზო ხახვა ამბობს, რომ ამ ტიპის მოთხოვნებს განიხილავენ და დაშვებებსაც აკეთებენ ხოლმე. მაგალითად ამ ტიპის შეღავათი აქვთ თურქეთის საკონსულოს და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში