ქურდული სამყაროს წევრობისთვის 10 პირი დააკავეს - მათ შორის ბათუმშიც 

05 ივლისი 2019, 17:09 10931 ნახვა

პოლიციამ საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები აიყვანეს  ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. 

დაკავებულები არიან მეტსახელად - „ლამბო“, „ოსკარი“, „ალესკერი“, „ხომეინი“, „გოჭი“, ჯოლო“, „ბაჩო“, „წიე“, „ყურშა“ და  „ლერი“. 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. 

დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - „გულის“, მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ'' - აცხადებენ სამინისტროში. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში