ქარტიის საბჭოს გამოხმაურება "რუსთავი 2-ის" წამყვანის არაეთიკურ განცხადებაზე

07 ივლისი 2019, 23:00 5748 ნახვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

 ჟურნალისტის ასეთ საქციელს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.  გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს  ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას - ნათქვამია განცხადებაში.

''ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ''- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში