აგვისტოს ომის დროს, ქართველებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

09 ივლისი 2019, 14:39 2496 ნახვა

ოსური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი ლიპინი. იგი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საეჭვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით აიყვანეს. 

სერგეი ლიპინის წინააღმდეგ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიპინი მის თანამზრახველებთან ერთად ახორციელებდა აქტიურ სადაზვერვო საქმიანობას და ქართულ მხარეს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა, რაც სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 

პროკურატურის თქმით, ლიპინმა დაზვერვის სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, აგვისტოს ომში გამოყენებული საარტილერიო-სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ასევე სამხედროების გადაადგილების მარშრუტის შესახებაც.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ ქართველმა ჯარისკაცებმა "სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია". 

ოსური მედიის ინფორმაციით, ჯაშუშობის სხვა ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ლიპინის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. აცხადებენ, რომ ამოიღეს დოკუმენტაცია, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკის ქართველ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე მეტყველებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში