50 000 ლარი ძეგლების დაზიანებისთვის - ნახეთ ვინ და რამდენით დააჯარიმეს ბათუმში

10 ივლისი 2019, 14:54 2506 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, წელს სასტუმრო "ინტურისტი"  უკვე  ორჯერ დააჯარიმა.  ერთხელ 10 000 ლარით, როცა სასტუმროს მეპატრონემ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვოდ რეკლამა განათავსა. ხოლო მეორედ, კიდევ 10 000 ლარიანი სანქცია ტერასის კედლის ჩაჭრის გამო დააკისრეს. 

6 თვის განმავლობაში სააგენტოს კონტროლის ჯგუფმა ბათუმში 21 სამართალდარღვევა გამოავლინა, რის გამოც ძეგლის მესაკუთრეებს გაფრთხილებები მიეცათ.

უნებართვო სამუშაოების გამო, 10 ათასი ლარით დაჯარიმდა შპს „აჭარწიგნი“. მემედ აბაშიძის #9-ში, პირველ სართულზე განთავსებულმა კაფის მეპატრონემ (bk) , გადაწყვიტა ინტერიერი შეეცვალა. მფლობელებს, არ უფიქრიათ ნებართვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის მიემართა, რის გამოც დაჯარიმდნენ. 

ამავე ნომერში, მემედ აბაშიძის #9-ში, მესამე სართულზე კერძო პირებმა, ძეგლს უნებართვოდ ერთი სართული დააშენეს. მაუწყებლისთვის ცნობილია, რომ სახლის მეპატრონეებმა, უკანონო დაშენების დროს უწყებიდან გაფრთხილება მიიღეს და დაშენებული კონსტრუქციის დემონტაჟი სთხოვეს. სახლის მეპატრონემ, იმის ნაცვლად რომ დემონტაჟისთვის მიცემულ ვადებში დაშენება მოენგრია, ძეგლს კაპიტალური ქვის სართული დაადგა. სწორედ ამის შემდეგ დააჯარიმა იგი კულტმემკვიდრეობის სააგენტომ 5 ათასი ლარით. 

 ისევ მემედ აბაშიძის ქუჩა, ამჯერად   #50 ნომერში მცხოვრებმა, სახლის ინტერიერში უნებართვოდ ჩაატარა სამუშაოები - იგი  5000 ლარით დააჯარიდა.  

10 ათასი ლარი დაუჯდა შპს „პრესტიჟის“ ინტერიერისა და ექსტერიერის შეცვლა, რომელიც არ შეუთანხმებია კანონის შესაბამისად სააგენტოსთან.  ფოტოების მიხედვით, ისტორიული შენობის ჭერზე მუყაოთაბაშირის ჭერი გაუკეთა, დამონტაჟებულია მეტალოპლასტმასის ვიტრინები. ეს სახლი  ფარნავაზ მეფის 34-36 ნომერში მდებარეობს. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში