აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მეორე ჯერზეც ვერ აირჩიეს

10 ივლისი 2019, 19:30 2015 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს. კონკურსი ისევ ჩაიშალა.  ორი ხმა მიიღო თინათინ ცისკარაძემ,  საბჭოს ორმა წევრმა კი ისევ მერაბ წულიკიძეს დაუჭირა მხარი. 

​მესამე ბიულეტენზე ეწერა -  მაუწყებლის ყოფილი დირექტორის სახელი და გვარი - ''ნათია კაპანაძე''.  კანონმდებლობის შესაბამისად, კენჭისყრა ფარული იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის ხელახალი გამოცხადებისთვის, ბორდის სხდომა 12 ივლისს ჩაინიშნა. საკითი კენჭისყრაზე საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა დააყენა. ბორდის ოთხმა წევრმა საკითხს დაუჭირა მხარი, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ კი თავი შეიკავა. "არ ვიცი რაზე ვიკავებ თავს," - თქვა გობაძემ კითხვაზე საპასუხოდ, თუ რატომ არ სურდა 12 ივლისს ხელახალი კონკურსის გამოცხადებაზე კენჭისყრაში მონაწილეობა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი მეორედ 3 ივნისს გამოცხადდა. კონკურსში 12 კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, გიორგი წულაია, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე,  ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე და დავით დიასამიძე მონაწილეობდნენ.

მაუწყებლის დირექტორის კონკურსი, რომელიც 31 მაისს გაიმართა ჩავარდა. მაშინ ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში