მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა, მოსამართლემ ისევ არ გამოიყენა

12 ივლისი 2019, 18:01 5958 ნახვა

მუხაესტატეში მოკლული პოლიციის უფროსის ოჯახი, დღეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლოში მკვლელობაში მსჯავრდებული ბესიკ ტაკიძესთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.  

მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახი ასაჩივრებდა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მკვლელობისთვის ბესიკ ტაკიძე ციხეში 20 წელს გაატარებს. 

ბუტა ანთაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელი საკმარისად არ დასჯილა და მის მიმართ სასამართლო უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.  დაზარალებულების პოზიცია სააპელაციომ არ გაიზიარა და ძალაში დარჩა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. 

მოსამართლემ მსჯავრდებულს შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაც შესთავაზა და უთხრა, რომ მას აქვს უფლება შეწყალების კომისიას მიმართოს.  

მოკლულის და დარეჯან ანთაძე ამბობს, რომ ის არ დანებდება და ამჯერად სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. გასაჩივრების ვადა ერთ თვეშია. "ჩვენ არ ვაპირებთ დავნებდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გვითხრა სატელეფონო საუბარში მოკლული პოლიციელის დამ. 

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს იმ დროს მოკლეს, როცა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელს დანა ზურგში ჩაარტყა. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში