რატომ გაეზარდათ ხელფასი მაუწყებლის მრჩევლებს?

13 ივლისი 2019, 15:12 1973 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსთვის ხელფასების მატებაზე   განმარტებას აკეთებს საბჭოს თავმჯდომარე. ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ არ ეთანხმება ინიციატივას, რომელიც საბჭოს ერთ-ერთ წევრს - გიგა ჩხარტიშვილს ეკუთვნის, თუმცა გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღების გამო, იგი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესაბამის აქტს.  ნატა იმედაიშვილის განმარტებით, მაშინ, როცა მრჩეველთა საბჭომ უკვე მეორედ ვერ აირჩია დირექტორი, მიუხედავად მაუწყებელში არსებული სახელფასო საკითხების ნაწილობრივ მოგვარებისა, საკუთარი ანაზღაურების გაზრდა მიზანშეწონილი არ იყო. იგივე პოზიციას იზიარებს გიორგი ირემაძე.

მისი მოსაზრებით, საბჭომ უკვე მეორედ ვერ შეასრულა თავისი პირდაპირი ვალდებულება და ვერ აირჩია დირექტორი, ხელფასის მატებაზე საუბარი უადგილოა. ინიციატივის ავტორი გიგა ჩხარტიშვილი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა სოციალურ  ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება კანონიერია და ჯდება მრჩეველთა საბჭოს ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის გათვალისწინებულ 2 პროცენტში. ამასთან იგი ფიქრობს, რომ თუ მრჩეველთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ბიუჯეტში დარჩებოდა აუთვისებელი თანხა, რაც ხარვეზებს წარმოქმნიდა ბიუჯეტის შესრულების ნაწილში.

ამ მოსაზრებას  ეთანხმებიან  ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე, თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირება არ ხერხდება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხელფასი 11 ივლისიდან გაეზარდა.  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში 3 300 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის — 3 100, ხოლო წევრების — 3 025. ანაზღაურება გაეზარდათ მრჩეველთა საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმის წარმოების მენეჯერებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში