გუშინ ავარიის დროს დაშავებული ორი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა - ზაალ მიქელაძე

14 ივლისი 2019, 11:26 3325 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.  ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 11  ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებშია გადაყვანილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ავარიის დროს დაშავებული ორი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. ზაალ მიქელაძის თქმით, ბავშვებს ოპერაციები  ჩაუტარდათ, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

''გუშინდელი ავტო ავარიის შედეგად 13 მოქალაქე დაზარალდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი კლინიკაში რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად დაიღუპა. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი არიან.

მათთან ერთად დაშავებული არიან მათი შვილები, ხუთი და ექვსი წლის მოზარდები, არასრულწლოვნებს სახეზე ჩაუტარდათ ოპერაციები, შემდგომ სიმძიმიდან გამომდინარე ერთი თბილისში იაშვილის კლინიკაში, მეორე ბათუმში ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია. იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.

რაც შეეხება, სხვა დაზარალებულებს, ორ კლინიკაში საერთო ჯამში ცხრა დაზარალებული რჩება, 7 მოქალაქე მკურნალობას ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადის, მათგან ორს ამ წუთებში უტარდებათ ოპერაციები.  სხვა დაშავებულების მდგომარეობა შეიძლება ითქვას არის დამაკმაყოფილებელი.  

დაღუპული ორი და მათი შვილები არაბეთის მოქალაქეები არიან. ავარიის დროს კიდევ შვიდი დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა. ორი დაშავებული კი ქართველია'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში