ჯგუფური ძალადობისთვის პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა - 20 ივნისის აქციის საქმე

17 ივლისი 2019, 14:15 1821 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 ივნისის აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

''1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში'' - აცხადებენ სამინისტროში. 

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, სულ პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

 

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში