''რუსთავი 2''-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა

18 ივლისი 2019, 11:33 5292 ნახვა

''რუსთავი 2'' და მისი მფლობელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში. ინფორმაციას ''ნეტგაზეთი'' ავრცელებს. 

მოსამართლე დე გაეტანომ, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს, განსხვავებული მოსაზრება დაწერა ამ საქმეზე. მისი აზრით, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. მოსარჩელე მხარე ''რუსთავი 2''-ის წილების გადაცემას ითხოვდა. ხალვაშის მიმართვიდან რამდენიმე დღეში, სასამართლომ ტელეკომპანიისთვის ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, არხს მოძრავი ქონების გასხვისება აეკრძალა და საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა.

2015 წლის ნოემბერში თამაზ ურთმელიძემ, მოსარჩელის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად სცნო  და ''რუსთავი 2'' ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა.

ტელეკომპანიის საქმე ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა, გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უცვლელი დარჩა.

უფრო კონკრეტულად კი 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა და „რუსთავი 2“ კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 7 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში