ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე კონკურსი გამოცხადდა

19 ივლისი 2019, 13:40 1713 ნახვა

ბათუმის ბულვარმა, განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე, ელექტრონული კონკურსი გუშინ, 18 ივლისს, გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განაშენიანების გეგმა მოიცავს ზღვისპირა პარკის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.

''ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის - ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.

პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების) ნაწილს'' - წერია ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში