,,საბურთალო’’  ზაგრების ,,დინამოს’’ დღეს დაუპირისპირდება

23 ივლისი 2019, 11:30 1903 ნახვა

 თბილისის ,,საბურთალო’’ დღეს, 23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ზაგრების ,,დინამოს’’ უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება. მატჩს ჩეხი არბიტრების კოლეგია განსჯის.

,,საბურთალოს’’ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებით, გუნდი სათამაშო სტილს არ შეიცვლის და მეტოქეს ისევ შემტევ ფეხბურთს შესთავაზებს.

,, შესაძლოა ,,დინამო’’ ზაგრები რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა, თუმცა მათი რესურსი ძალიან დიდია და არ მგონია ეს დანაკლისი დაეტყოთ. გუნდში უმეტესად ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ’’- ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

გერმანული სატრანსფერო სააგენტოს ,, transfermarkt’’ -ის ინფორმაციით, ,,საბურთალოს’’ ფეხბურთელების სატრანსფერო ფასის ჯამი 5 800 000 ევროა, ხოლო ზაგრების ,,დინამოს’’ ფეხბურთელების  76 მილიონი ევრო.

განმეორებითი შეხვედრა ზაგრებში 30 ივლისს გაიმართება. თუ ,,საბურთალო’’ ორმატჩიან დუელში  ზაგრების ,,დინამოსთან’’  გაიმარჯვებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ,,ვალეტასა’’ და ,,ფერენცვაროშს’’ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში