8 წლიანი პატიმრობა ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის 

25 ივლისი 2019, 11:42 4202 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად „კრიმინალურ ავტორიტეტს“ მიმართეს, რომელიც მოგვიანებით საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს'' დაუკავშირდა. მასთან შეთანხმების შემდეგ კი, 2018 წლის მაისში თბილისში გამართულ „ქურდულ შეკრებაზე“ დავა განიხილა და გადაწყვიტა. 

გადაწყვეტილებით განაწყენებულმა და უკმაყოფილო დავის ერთმა მონაწილემ საზღვარგარეთ მყოფ სხვა „კანონიერ ქურდს“ ჯ.კ-ს მიმართა, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში დაიბარეს. 

''სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ-მ ე.კ-სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, ზ.ბ-ს და ტ.დ-ს მეშვეობით, მიმართა  „კრიმინალურ ავტორიტეტს“ გ.დ-ს. გ.დ-მ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ ი.დ-სთან შეთანხმებით, 2018 წლის მაისის თვეში, თბილისში გამართულ „ქურდულ შეკრებაზე“ განიხილა და დავა გადაწყვიტა გ.გ-ს სასარგებლოდ. მან ე.კ-ს დააკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-ს, ასევე თავისთვის და ქურდული სამყაროს სხვა წევრებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

გ.დ-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ე.კ-მ მიმართა ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯ.კ-ს, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეეცვალა იგი ე.კ-ს სასარგებლოდ. აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ჯ.კ-მ მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში დაიბარა. 

2018 წლის 16 ივნისს, თურქეთში შედგა ქურდული შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ ე.კ, გ.გ., გ.დ და ტ.დ, რა დროსაც „კანონიერი ქურდის“ ჯ.კ-ის მიერ დავა კვლავ გ.გ-ს სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო ე.კ-ს დაეკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-სთვის, ასევე კანონიერი ქურდებისა და დავის განხილვაში მონაწილე ქურდული სამყაროს სხვა წევრებისათვის  მატერიალური სარგებლის მისაღებად. 

2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გ.გ., ზ.ბ., ტ.დ., ე.კ. და გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში