ბათუმში მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა - არიან დაშავებულები

29 ივლისი 2019, 11:34 7478 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც  6 ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ ადგილზე მედიკოსების ორი ბრიგადა იმყოფება. 

სამი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეოთხე მოქალაქე კი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია მოთავსელუ. მათ სხეულის მოტეხილობები აღენიშნებათ. ექიმების განცხადებით, პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აქვთ.  

''კლინიკაში სამი ადამიანია შემოყვანილი. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აქვთ. ამ ეტაპზე ინსტრუმენტული კვლევები მიმდინარეობს, მოგვიანებით უკვე დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება. ძირითადად კიდურების დაზიანებები აქვთ. როგრც გადმოცემით ვიცი ლიფტი ჩავარდა, მოქალაქეების დაზიანების მიზეზი სიმაღლიდან ვარდნა გახდა'' - უთხრა მაუწყებელს რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა.  

დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 

საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორი მათგანის მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. 

ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ კორპუსში ბინების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ლიფტების დაზიანების შემთხვევები მიმდინარე წელს რამდენჯერმე დაფიქსირდა. 15 თებერვალს კობალაძის ქუჩაზე 23 სართულიან კორპუსში ლიფტის ბაგირი გაწყდა.

კიდევ ერთი ფაქტი კი 23 ივნისს დაფიქსირდა. კობალაძის 15 ნომერში, სატვირთო ლიფტი მესამე სართულიდან ჩაწყდა. მასში 8 ადამიანი იმყოფებოდა. 

აჭარის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კორპუსებში ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს, ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება. 

 

ლიფტის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაზეთმა ბათუმელებმა გაავრცელა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში